ვეძებ შვილს

გამარჯობა.
ვიმშობიარე 1991 წლის 8 იანვარს, II სამშობიაროში, კამოს ქუჩაზე. გავაჩინე გოგონა (მარიამ სეთურიძე), 5.200 კგ, 54 სმ. ეს ჩემი მესამე შვილი იყო და გამოცდილება მქონდა უკვე, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო… დაახლ 30 წთ გვერდზე მეწვინა პირველ დღეს, ტიროდა, ხელებს და ფეხებს იქნევდა გაუჩერებლად. ერთი, რაც საკმაოდ დამახასიათებელი და შეიძლება ხელჩასაჭიდი ვუწოდოთ, არის ის, რომ ზუსტად მეორე შვილივით (ის ბიჭა) შავი, ხუჭუჭა თმით დაიბადა, შავგვრემანი.
ბავშვი მეორე დღეს გაიყვანეს და მითხრეს, რომ ფილტვები არ გაეხსნა კარგად. ამ დროს ჩემ ოჯახს უთხრეს გარეთ, რომ გარდაიცვალა და სამშობიაროს სასაფლაოზე დავკრძალავთო. მე მატყუებდნენ, რომ დიღომში გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოშიო.
მამშობიარა გურამ ყურაშვილმა. (განყოფილების გამგე იყო)
მშობიარობის დროს იქ იყო თალიკო (სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს), იყო ბავშვთა ექიმი.
წესით უნდა ვემშობიარებინე მარინა პირველს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ცვლა შეცვალეს და დამხვდა ბატონი გურამი.
დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ II სამშობიაროდან ბავშვების გაყვანა ხდებოდა, გავვარდი… დამაწერინეს განცხადება საბუთების გამოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა არაფერი მოიძებნა…
თამუნა, შვილო, როგორც შენა თქვი გადაცემაში, მარცხენა ხელში ვგრძნობ ძმა მყავსო, ასე ვგრძნობ მთელი ცხოვრება, რომ ცოცხალია ჩემი შვილი… ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ… ვიცი, რომ თქვენც იცით ეს რა ტკივილია… დედაჩემი რომ გარდაიცვალა, (დაახლოებით 3-4 წლის მერე ამ ამბიდან) იმ ღამეს სოფლიდან ქალი ამოვიდა მეზობელი უბნიდან, სიზმარი ვნახეო… დედაშენი დამესიზმრა, ის ბავშვი ცოცხალიაო.. იმის შემდეგ დავკარგე მოსვენება… მადლობა შვილებო წინასწარ. ღმერთმა ყველას გაპოვნინოთ ვისაც ეძებთ. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს!

Add a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *